31 May 2017
  • 318 ნახვა

კაი ყმა და მეგობარი

მირზა მაშოვი მეგობარ ჟურნალისტებთან გავიცანი. რომ გაიგო რომანებისა და მოთხრობების სწრაფ წერაში გინესის რეკორდსმენი ვიყავი, ძალიან დაინტერესდა, უფრო იმით დაინტერესდა, რომ ერთ-ერთი რომანი თურქეთში მქონდა შექმნილი. თურქულ გაზეთ `გოლჯუკში~ ჩემზე დაწერილი სტატიის წაკითხვის შემდეგ სურვილი გაუჩნდა `წვიმის ცრემლები~ აზერბაიჯანულად ეთარგმნა, მითუმეტეს რომანის სამ თავში მოქმედება აზერბაიჯანში ხდება. მირზა ასევე დაინტერესდა ჩემი ზღაპრებით და ორი ზღაპარი საქართველოში გამომავალ აზერბაიჯანულ ჟურნალში (`ქარაფაფაქლარ~) და გაზეთში (` სინათლის შუკი~) დაბეჭდა,  ასევე გაავრცელა აზერბაიჯანული საიტების საშუალებით. ვინაიდან ციფრი 13 მისი საყვარელი ციფრია, ზუსტად 13 ზღაპარი გაგზავნა ბაქოში და ჩააბარა ერთ-ერთ სოლიდურ გამომცემლობას, სადაც მალე ცალკე წიგნად გამოვა და აზერბაიჯანელი პატარები გაეცნობიან ქართველი მეზღაპრე ბაბუას შემოქმედებას, რაც უთუოდ მირზას დამსახურება იქნება.

გაცნობის პირველი დღიდანვე დავმეგობრდით, ნიჭიერი ჟურნალისტია და, რაც მთავარია, მშრომელი კაცია, დილის ექვსი საათიდან ფეხზე დგას, ბოსტანში ფუსფუსებს, შინაურ ფრინველებს და ცხოველებს უვლის (განსაკუთრებით კურდღლებს), ბოსტანში ზღარბიც ჰყავს და კუც, ხეზე ჩიტებისთვის პატარა სახლუკა უკიდია. ღვინოსაც აყენებს და არაყსაც ხდის. მართალია მუსულმანებისთვის არ არის მიღებული სპირტიანი სასმელების ხმარება, მაგრამ რა ქნას, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს...

სხვათა შორის ბატონ მირზას დიდი წვლილი მიუძღვის ორ მოძმე ერს შორის მეგობრობის განმტკიცებაში. ცნობილი მწერლების და მოღვაწეების შემოქმედებას თარგმნის აზერბაიჯანულიდან ქართულად და პირიქით, ქართულიდან აზერბაიჯანულად. ასეთი სახის 15-მდე მნიშვნელოვანი წიგნი აქვს გამოცემული.

ვინც მას იცნობს, ყველას უყვარს და პატივს სცემს, რადგან საოცარი იუმორის პატრონია. იგი არამარტო კარგი ჟურნალისტი და მეგობარი, კარგი მწერალიცაა. წერს ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, ნოველებს... მოკლედ, რაც შეუძლია და თავში მოადგება, ყველაფერს წერს... მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

მიმდინარე წლის 22 ივნისს (მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღეს) იგი 60 წლის ხდება, მისასალმებელია, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ბაქოში გამოიცემა მისი  ნაწარმოებები..

ვულოცავ მირზას იუბილეს და ვუსურვებ წარმატებას შემოქმედებაში.

 

 

ნარო კოლხელი (ნარიმან იაშაღაშვილი)           

მსგავსი